მამუკა მდინარაძე უარყოფს, რომ მთავარი არხის ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს.
მისი მტკიცებით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა.
მანამდე კი, როგორც მდინარაძე ამბობს, ჟურნალისტი ბექა ყორშია პროვოკაციას აწყობდა.
"ალბათ არავის გაგიკვირდებათ, რომ ბექა ყორშია აწყობდა პროვოკაციას. კითხულობდა ჩლიქოსანს და მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომადგენელს. ამის შემდეგ გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს და მათ შორის. მთავარი არხის ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც, იქ არის ე.წ ბაქაბზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე". - ამბობს მდინარაძე.
მთავარი არხის ინფორმაციით, არხის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან დღეს, 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე გადმოაგდეს.
მასთან ერთად ჟურნალისტი ბექა ყორშია მუშაობდა.
ის ყვება, რომ მათ ქარელის მერის ჩაწერა სურდათ, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"გვინდოდა, ჩაგვეწერა. რამდენიმე კითხვა გვქონდა ზაზა გულიაშვილსა და მასთან დაკავშირებულ ბოლო ამბებზე - რომ ის არის სუს-ის აგენტი. განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს, როცა მე ამაზე კითხვა დავსვი. ამის შემდეგ მოხდა, რომ გარეთ გამოგვაძევეს. მეც მომხვდა ხელი, მაგრამ ჩემზე უხერხულიც კია ლაპარაკი. ოპერატორი ლევან აბლოთია მეორე სართულიდან გამოადგეს. არ ველოდი, რომ გადარჩებოდა საერთოდ. რამდენიმე წამით გაითიშა. აზრზე როცა მოვიდა, თქვა, ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ". - ამბობს ბექა ყორშია.
მისივე თქმით, მათ მიმართ ძალადობაში 4-5 ადამიანი მონაწილეობდა.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, აბლოთიას "მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით კი ამ ტექნიკით არაფერი ჩანს".
მთავარი არხის იმ ოპერატორის კამერა, რომელიც ქარელში ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს, პოლიციას აქვს.
შსს-ის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მათ უპასუხოდ დატოვეს ჟურნალისტის კითხვა, აპირებენ თუ არა მათთვის კამერის დაბრუნებას.